გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იმედს გამოვთქვამთ, საქართველოში მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - იმედს გამოვთქვამთ, საქართველოში მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას

ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეები დიალოგის გზით შეძლებენ საკითხის გადაჭრის გზების პოვნას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„თუკი ჩვენც შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში, სიამოვნებით გავაკეთებთ ამას“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი თქმით, გერმანია მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

„საქართველოს სუვერენიტეტი არ არის ჩვენთვის ვაჭრობის საგანი. ქართველები უკვე ორი წელია, უვიზოდ მოგზაურობენ გერმანიაში. თავად ქართველებს საქართველოში კი, ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს უკეტავენ და ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება მასიურად ეზღუდებათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ბევრ მათგანს ძალადობრივად აკავებენ და ამას ბოლო უნდა მოეღოს“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა.

მან საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანიის ურთიერთობები საქართველოსთან ძალიან მჭიდრო და ნდობით აღსავსეა.

„საქართველოს ძალიან დიდი წვლილი აქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაში. საქართველო არის ჩვენი სანდო, სტაბილური და ღირებული პარტნიორი ევროპაში. ამიტომაც, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინიციატივას ევროპული ინტეგრაციის შესახებ და გვინდა, რომ საქართველოში ადამიანებმა იგრძნონ ევროპაში ინტეგრაციის ეს შედეგები. გვსურს, პირველ რიგში გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში, იმისთვის, რომ იგი ხელშესახები იყოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციისას აღნიშნა, გერმანია მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას.

ერთობლივი პრესკონფერენციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.