გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის, დაეხმაროს უკრაინას გათავისუფლებული ტერიტორიების ზამთრისთვის მომზადებაში
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზად არის, დაეხმაროს უკრაინას გათავისუფლებული ტერიტორიების ზამთრისთვის მომზადებაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია მზად არის, დაეხმაროს უკრაინას გათავისუფლებული ტერიტორიების ზამთრისთვის მომზადებაში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მომდევნო თვეები გადამწყვეტია არა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების კუთხით, მომდევნო თვეები გადამწყვეტ როლს ითამაშებს, რათა გათავისუფლებული ტერიტორიები გარკვეულწილად მომზადდეს ზამთრისთვის.

შევხედოთ ერთად, რა გჭირდებათ, რომელი საავადმყოფოები დაინგრა, სკოლები, სადაც არ არის სახურავები და გერმანული მხრიდან ძალიან პრაგმატულად დავაბრუნებთ სიცოცხლეს გათავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქებში“, – განაცხადა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას მძიმე იარაღით მომარაგებას და იმ დრომდე მხარდაჭერას დაპირდა, რამდენი ხანიც დასჭირდება უკრაინას.

„ჩვენ ენერგიულად გავაგრძელებთ თავისუფლების, მშვიდობისა და დემოკრატიული ცხოვრების ამ იმედის მხარდაჭერას, ვიდრე თქვენ დაგჭირდებათ. კონკრეტულად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის იარაღით, მძიმე შეიარაღებით მომარაგებას“, – განაცხადა ბერბოკმა.

ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას რუსების მიერ დანაღმული ტერიტორიების განაღმვაში დაეხმარებიან. მისი თქმით, რუსებმა დანაღმეს არა მარტო გზები, არამედ კერძო სახლები, ბინები და ბავშვების სათამაშოებიც კი, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.