გერმანიის ბუნდესვერის დელეგაცია პოლკოვნიკ ჰენდრიკ პლოსის ხელმძღვანელობით, საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება
გერმანიის ბუნდესვერის დელეგაცია მე-3 სამედიცინო პოლკიდან, პოლკოვნიკ ჰენდრიკ პლოსის ხელმძღვანელობით, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფებს ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტი ერთობლივი ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შედგა.
„ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობის – Role 2 Forward (Role 2F) გაცნობა. Role 2F სამედიცინო პუნქტი საველე პირობებში უზრუნველყოფს დაჭრილთა და დაშავებულთა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მათ შორის ქირურგიულ ჩარევასა და პაციენტების სტაბილიზაციას მათ შემდგომ სამედიცინო ევაკუაციამდე.
დელეგაციის წევრები გაეცნენ შესაბამის სამედიცინო და ქირურგიულ პროცედურებს და დაესწრნენ პრაქტიკული შესაძლებლობების დემონსტრირებას. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარ სამხედრო-სამედიცინო დანაყოფებში დაგროვილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. აღსანიშნავია, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოქმედ „სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას” გერმანია ხელმძღვანელობს. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას და შესაბამისი სამედიცინო პუნქტების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.