გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი - 2030 წლისთვის რუსეთს ექნება საკმარისი რესურსები დასავლეთის სახელმწიფოებთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის
გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი - 2030 წლისთვის რუსეთს ექნება საკმარისი რესურსები დასავლეთის სახელმწიფოებთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის

რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან რეალური სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას აგრძელებს, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ბრუნო კალი აცხადებს.

როგორც ბრუნო კალი ამბობს, პირველ რიგში, რუსეთი შეეცდება, შექმნას საგანგებო სიტუაცია ნატო-ს რომელიმე ქვეყნისთვის, რა დროსაც ალიანსის სხვა წევრები სათანადოდ არ მოახდენდნენ რეაგირებას.

სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა მაგალითად მოიყვანა შესაძლო მოკლევადიანი თავდასხმა ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგზე ტერიტორიული გაწმენდის მიზნით. როგორც ცნობილია, რუსეთს განსაკუთრებული უფლებები აქვს სვალბარდში, მაგრამ, ამავდროულად, ოსლოს პოლიტიკა არქიპელაგზე უცხოელების მიმართ ბოლო წლებში გამკაცრდა.

კიდევ ერთ ვარიანტად კალი განიხილავს რუსეთის კონფლიქტს ბალტიის ქვეყნებთან ადგილობრივი რუსულენოვანი უმცირესობების დაცვის საბაბით.

„თუ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი არ იქნება ამოქმედებული მსგავსი კონფლიქტების დროს, ნატო-ს, როგორც თავდაცვით ალიანსს, მარცხი ელოდება, სწორედ ეს არის რუსეთის ფედერაციის მიზანი. თუ დახმარების გაწევის ვალდებულება არაეფექტური აღმოჩნდება, რუსეთს შეუძლია, აგრესიული ძალისმიერი პოლიტიკის მეშვეობით ევროპაში თავისი გავლენა გააფართოოს“, – აცხადებს გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი.

ბრუნო კალის თქმით, რუსეთს 2030 წლისთვის ექნება საკმარისი რესურსები დასავლეთის სახელმწიფოებთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის.