საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს მიერ), რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას (EUD) შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა დეკლარაციას საქართველოსთვის მულტინაციონალური და საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ, ენერგეტიკისა და მწვანე სექტორებში საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა, KfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა, ბოდო შმულინგმა, AFD-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, რაფაელ ჟოზანმა, AFD-ის მთავარმა მენეჯერმა, ოლივიე ლონგშამპმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, სიგრიდ ბრეტელმა.
„მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, 2018 წლიდან მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული საქართველოს ენერგეტიკის მიმართულებით არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის წესებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით და ეს პროცესი გაგრძელდება და გაფართოვდება. ენერგეტიკის სექტორში რეფორმების გაგრძელების გარდა, ევროპის გუნდის (Team Europe) პარტნიორები და საქართველოს მთავრობა შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ და განახორციელებენ ენერგეტიკის, კლიმატის, გარემოს დაცვისა და მწვანე ტრანსფორმაციაზე ორიენტირებულ რეფორმებს, რომელიც თანხვედრაშია „ევროპის მწვანე შეთანხმებასთან“. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმების მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება განვითარების პარტნიორების მიერ.
საქართველომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან უკვე მიიღო 554 მლნ ევრო (KfW-199 მლნ. ევრო და AFD-355 მლნ. ევრო) და ევროკავშირისგან 8.44 მლნ. ევროს გრანტი ტექნიკური დახმარების სახით, რომელიც ხორციელდება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
განზრახულობათა დეკლარაცია, ისევე როგორც შემდგომი ქმედებები და პროგრამები, შეესაბამება ევროპის გუნდის (Team Europe) ინიციატივების სულისკვეთებას. ევროპის გუნდი (Team Europe) თავისი არსით არის ევროპული პარტნიორობა და სოლიდარობა უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, რომელიც მწვანე (როგორც მდგრადი და ეფექტური) გზით ხორციელდება და მიმართულია ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების ძალისხმევის რაციონალიზაციისა და ჰარმონიზაციისაკენ.
„უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამების წარმატებული სერიების შემდგომ, განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერა გზას უხსნის საქართველოს კიდევ უფრო ღრმა, ყოვლისმომცველი და ამბიციური რეფორმების პაკეტს. ეს ნაბიჯი ასახავს სანდო თანამშრომლობას ქართველ პარტნიორებსა და ევროპის გუნდის წევრებს – გერმანიას/KfW, საფრანგეთსა/AFD და ევროკავშირს შორის“, – აცხადებს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში.
„დღევანდელი ხელმოწერა ადასტურებს საქართველოს მთავრობის მზადყოფნას რეფორმის სრულად განხორციელების, მისი ევროკავშირის სტანდარტებთან თანხვედრის, მწვანე ეკონომიკის რელსებზე საიმედო გადასვლის ხელშეწყობის, რეგიონალური ენერგეტიკული ბაზრის პლატფორმად ჩამოყალიბების და ენერგეტიკული სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის. საქართველო ენერგეტიკული სექტორის ისეთი რეფორმებისკენ დგამს ნაბიჯებს, რომლითაც ევროკავშირის მსგავსად მიიწევს ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრისკენ და ინარჩუნებს ტრანსფორმაციული, პროგრესული და რეფორმატორი ქვეყნის იმიჯს, რასაც საბოლოოდ მიჰყავს ევროკავშირის სტანდარტებისკენ და ევროპასთან გაძლიერებული კავშირებისკენ“, – აღნიშნა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა.
„ძალიან ვაფასებთ ჩვენს საერთაშორისო პარტიორებთან ნაყოფიერ თანამშრომლობასა და უწყვეტ მხარდაჭერას, საქართველოში ხელშესახები რეფორმების განხორციელების კუთხით. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც რეფორმის გარიჟრაჟზე მნიშვნელოვნად გვეხმარებოდნენ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში (EnC) საქართველოს სრული წევრობისთვის სტრატეგიული ჩარჩოს შემუშავებაში და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებაში.
ასევე, გვსურს მადლიერება გამოვხატოთ რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და ევროკავშირის (EU) მიმართ, მათი ერთობლივი ძალისხმევისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოში მწვანე და ენერგეტიკის სექტორების განვითარებას ისახავს მიზნად. წინ კიდევ უფრო დიდი გეგმებია ჩვენი თანამშრომლობის გასაფართოებლად და მჯერა, რომ ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი შედეგს გამოიღებს ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროებში რეფორმების განხორციელების პროცესში“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
„გვიხარია, რომ ევროპის გუნდის (Team Europe) პარტნიორებთან ვაგრძელებთ მუშაობას „ევროპის მწვანე შეთანხმების“ მიზნების შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს მთავრობის მზაობა მნიშვნელოვანია, ჩვენი დახმარებით ქვეყანაში დადებითი კლიმატის ცვლილების, გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური გავლენის მოსახდენად“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, სიგრიდ ბრეტელმა.