გერმანიის რამდენიმე ქალაქში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა
გერმანიის რამდენიმე ქალაქში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა

გერმანიაში, ქალაქ ესენში პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე 3 000 ადამიანი შეიკრიბა, ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დემონსტრაცია წინასწარ დაგეგმილი იყო და პოლიციელთა თანხლებით მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები გამოდიოდნენ ლოზუნგით „ღაზა თავდასხმის ქვეშ – ერთად უსამართლობის წინააღმდეგ“.

პოლიციის თქმით, აქცია მშვიდობიანად ჩატარდა და ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გარდა ამისა, საპროტესტო აქცია გაიმართა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტშიც, რომელშიც დაახლოებით 850 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

როგორც გერმანული გამოცემა „ველტი“ წერს, პოლიციამ აქციის ცხრა მონაწილე დააკავა. მათ წინააღმდეგ საქმე სიძულვილის წაქეზებისა და არაკონსტიტუციური სიმბოლოების გამოყენების ბრალდებით აღიძრა.

ამასთან, დღეს პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაცია დაგეგმილია გერმანიის ქალაქ ბერლინშიც. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, აქციაზე დაახლოებით 2 000 ადამიანს ელოდებიან.