გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილის შეჯახების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული დაიღუპა
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მანჰაიმის ცენტრში მანქანით ხალხის ჯგუფს შეეჯახა, 40 წლის გერმანელია, რაინლანდ-პფალცის მიწიდან. ქალაქის ცენტრში მომხდარი ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით შუადღისას მოხდა. ავტომობილი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ხალხს შეეჯახა. მოქალაქეები ტრადიციულ აღლუმზე იკრიბებოდნენ. რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა. ჟურნალისტების ცნობით, მთლიანობაში, ინციდენტის შედეგად დაახლოებით ხუთიდან ათ ადამიანამდე არის დაშავებული. ამჟამად მანჰაიმის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში სამი დაშავებული მკურნალობს – ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი.
ავტომობილის მძღოლი დააკავეს. მანჰაიმის პოლიციის განცხადებით, დადასტურდა, რომ ის მარტო მოქმედებდა. მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი წარსულში ექსტრემიზმთან ან ტერორიზმთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა, თუმცა, როგორც ჩანს, მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ბოროტმოქმედის შესაძლო მოტივის შესახებ არაფერია ცნობილი.
მანჰაიმში მომხდარი შემთხვევის გამო ჰაიდელბერგში დაგეგმილი კარნავალი გაუქმდა.