გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მესამე დღეა, არეულობა გრძელდება. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების მიზეზი საცხოვრებელ სახლებში თვითნებურად შესახლებული მოქალაქეები არიან. დემონსტრანტები მათი უფლებების დაცვას, ღარიბი უბნების მდიდრულ რაიონებად გადაქცევას და სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეთა შევიწროებას აპროტესტებენ.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. თუმცა, დემონსტრანტების ნაწილი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა. არიან დაკავებულებიც.
შეტაკების გამო, ქალაქის სამხრეთ ნაწილში მეტროს მუშაობა დროებით შეფერხდა.
ლაიფციგის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ სავარაუდოდ ულტრამემარცხენეები იყვნენ.
მთავრობამ პოლიციელებზე თავდასხმა მკაცრად დაგმო და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.