გერმანიის ქალაქ ტუტლინგენში პოლიციამ საპასუხო გასროლისას მოკლა შეიარაღებული ავღანელი მამაკაცი, რომელიც მანამდე მერიის შენობაში იმყოფებოდა
გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქ ტუტლინგენში პოლიციამ 27 წლის ავღანელი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ინფორმაციას გამოცემა BILD-ი სახელმწიფო კრიმინალურ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ 27 წლის ავღანელი მამაკაცი თავდაპირველად ტუტლინგენის ქალაქის მერიის შენობაში შეიარაღებული შევიდა, რა დროსაც თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.
მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა, შენობიდან გამოსული მამაკაცი მათ, სავარაუდოდ, თავს დაესხა. ოფიციალური პირის თქმით, ოფიცრებმა სწორედ ამის შემდეგ გახსნეს საპასუხო ცეცხლი. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ სულ ხუთი გასროლის ხმა გაიგეს.
27 წლის ავღანელ მამაკაცს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.