გერმანიის პროკურატურის ცნობით, ქვეყანაში გამოავლინეს რუსულ-ევრაზიული დანაშაულებრივი ქსელი, რომლის წევრებიც ფულს ათეთრებდნენ
გერმანიის პროკურატურის ცნობით, ქვეყანაში გამოავლინეს რუსულ-ევრაზიული დანაშაულებრივი ქსელი, რომლის წევრებიც ფულს ათეთრებდნენ

გერმანიაში გამოავლინეს რუსულ-ევრაზიული დანაშაულებრივი ქსელი, რომლის წევრებიც ფულს ათეთრებდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გერმანიის პროკურატურამ გაავრცელა.

საუბარია ათეულობით მილიონ ევროზე. სპეცოპერაციის ფარგლებში, გერმანიის გარდა, ჩხრეკა ჩატარდა ლატვიასა და მალტაში. სულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში ბრალი წაუყენეს 11 პირს. მათგან ერთი დაკავებულია.

ბერლინში აცხადებენ, რომ დანაშაულის გამოძიებაში მონაწილეობდნენ „ევროჯასთი“ და „ევროპოლიც“. ჩხრეკისას ამოღებულია დოკუმენტები, ინფორმაციის ელექტრონული შემნახველები და მობილური ტელეფონები.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების წარმომავლობისა და ვინაობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. გამოძიების მიხედვით, მათ 2021 წელს მალტური ფინანსური დაწესებულების ბაზაზე შექმნეს კომპანიების ქსელი, რათა ფული გაეთეთრებინათ. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ჯგუფის ძირითადი ნაწილი ბერლინსა და რიგაში მოქმედებდა.