გერმანიის პრეზიდენტი ყალბს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს გერმანია საქართველოს, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ყალბს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს გერმანია ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს.
დღეს „ევროობზერვერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის მოთხოვნით, ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს 13 ოქტომბერს განიხილავს. გამოცემა მიზეზად ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რაოდენობას ასახელებს.
„დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ, ყალბი ამბებია“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა „ევროობზერვერის“ მიერ გამოქვეყნებული სიახლის საპასუხოდ, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.