გერმანიის პრეზიდენტი - საქართველო ძალიან მყარად ავითარებს დემოკრატიას და ამკვიდრებს დემოკრატიის პრინციპებს
გერმანიის პრეზიდენტი - საქართველო ძალიან მყარად ავითარებს დემოკრატიას და ამკვიდრებს დემოკრატიის პრინციპებს

გერმანიაში გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება საქართველოში კიდევ უფრო გაძლიერდება, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ძალიან მყარად, ძალიან მედგრად ავითარებს დემოკრატიას, ამკვიდრებს დემოკრატიის პრინციპებს.

„ეს შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმ ქვეყნებს, რომლებმაც აირჩიეს დემოკრატიის, დემოკრატიული განვითარების გზა. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, რა სახით შეიძლება გავწიოთ დახმარება, რათა გაგრძელდეს დემოკრატიის ხელშეწყობა. საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განახორციელა შიდასახელმწიფოებრივი რეფორმები. ის ორიენტირებულია ევროპაზე. ეს არის ასოცირების შეთანხმება, ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მერწმუნეთ, გერმანია ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს შემდგომი რეფორმების კონტექსტში. ქალბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ორი დღე დავყოთ თქვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.