გერმანიის პოლიციის ცნობით, ბერლინის 20 სკოლაზე თავდასხმების მზადებაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მიმდინარეობს იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებიც ინტერნეტით შეტყობინებებს ავრცელებენ
გერმანიის პოლიციის ცნობით, ბერლინის 20 სკოლაზე თავდასხმების მზადებაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მიმდინარეობს იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებიც ინტერნეტით შეტყობინებებს ავრცელებენ

გერმანული მედია წერს, რომ ინტერნეტში, ე.წ. მესენჯერებში ვრცელდება ინფორმაცია ბერლინის 20 სკოლაზე თავდასხმების მზადების შესახებ.

როგორც ბერლინის პოლიციაში აცხადებენ, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ამ თემაზე 900-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს. მშობლების ნაწილი აცხადებს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში არ აპირებენ ბავშვების სკოლაში გაშვებას.

ამასთან, პოლიციის ცნობით, სკოლებზე თავდასხმების მომზადების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ცნობები მიზნად ისახავს მოქალაქეებში პანიკის გამოწვევას.

მიუხედავად ამისა, სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

პოლიციის ცნობით, გამოძიება დაწყებულია დანაშაულის ჩადენის მუქარით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტზე და ახლა ხდება იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებიც ინტერნეტით შეტყობინებებს ავრცელებენ.