გერმანიაში „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ „სოციალ-დემოკრატებთან“ კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ
გერმანიაში „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ „სოციალ-დემოკრატებთან“ კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ

გერმანიაში პარტია „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ „სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიასთან კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„მწვანეების“ შეთავაზებაა, გაიმართოს პირველი წინასწარი დისკუსია სოციალ-დემოკრატებთან. ჩვენ მივიღეთ ეს შეთავაზება“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა კრისტიან ლინდნერმა.

მისი თქმით, ის ესაუბრა „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის კანცლერობის კანდიდატს ოლაფ შოლცს.

„მწვანეებთან კოორდინირებით, შევთავაზე ბატონ შოლცს, ხვალ სამმხრივი შეხვედრა გავმართოთ და ეს შეხვედრა შედგება“, – განაცხადა ლინდნერმა.

ამასთან, „მწვანეების“ ერთ-ერთი ლიდერი რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ პარტიას რიგ საკითხებზე „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „სოციალ-დემოკრატებთან“ შედარებით განსხვავებული პოზიციები აქვს.

„მრავალი საკითხი ჯერ კიდევ განსახილველია“, – განაცხადა ჰაბეკმა.

მრავალი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც პრეზიდენტი ან მონარქი კონკრეტული პარტიის ლიდერს აძლევს მთავრობის ფორმირების მანდატს, გერმანიაში ამას თავად პარტიები წყვეტენ, რის გამოც კოალიციის ჩამოყალიბების მოლაპარაკებები შესაძლოა, თვეები გაგრძელდეს.

26 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გერმანიაში ანგელა მერკელის მმართველი ბლოკი CDU/CSU მცირედით ჩამორჩა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას.