გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი - საქართველო-გერმანია კაცების თამაში იქნება #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი - საქართველო-გერმანია კაცების თამაში იქნება #1TVSPORT

დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

„ჯვაროსნებმა“ თავის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი აჩვენეს – გავიდნენ ჯგუფიდან და მოიპოვეს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება. „თუმცა ამით ჩვენი გამოსვლა არ დასრულებულა, წინ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩია, ვეთამაშებით ავსტრალიას და გერმანიას. წინსვლა უნდა განვაგრძოთ“, – ამბობს ჩვენი გუნდის მწვრთნელი ილიას ზუროსი.

გერმანიის ნაკრებმა თავის ჯგუფში ყველა მატჩი მოიგო, სძლია ფინეთს, ავსტრალიასა და იაპონიას. მეოთხედფინალში გასასვლელად მათ, შესაძლოა, ერთი მოგებაც ეყოთ და სწორედ ამიტომ ამბობს მათი გუნდის ლიდერი დენის შრიოდერი, მთავარია კონცენტრაცია არ დავკარგოთო:

„ვეთამაშებით ძალიან კარგ გუნდს, რომელსაც NBA-ის კალათბურთელები ჰყავს. გვაქვს შანსი, რომ ამ მოგებით პლეი ოფში გასვლა ერთი ტურით ადრე გავინაღდოთ. ამიტომ მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ“.

NBA-ის ქართველი წარმომადგენელი გოგა ბითაძე არანაკლებ იმედიანადაა:

„ჯგუფიდან გავედით. ისტორია დავწერეთ. მაგრამ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია. ეს კი ბიჭებმა გერმანიასთან მატჩში უნდა დავამტკიცოთ. პირველ ეტაპთან შედარებით გაცილებით რთული მეტოქეები გვეყოლება, მაგრამ გვჯერა, რომ მათთან გამარჯვება შეგვიძლია“.

საქართველოს ნაკრებს 2005-2006 წლებში წვრთნიდა კანადელი სპეციალისტი გორდონ ჰერბერტი. იგი ამჟამად გერმანიის ეროვნული გუნდის თავკაცია. მოახლოებული თამაშის წინ ის „ჯვაროსნებს“ ასე აფასებს:

„პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ორდღიანი დასვენება გვქონდა. მთლიანად საქართველოზე ვართ ფოკუსირებული. ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს მათ შორის, ვის წინააღმდეგაც გვითამაშია. მებრძოლია, გამოირჩევა შეტევითი მოხსნებისას. გერმანია-საქართველო კაცების თამაში იქნება“.

 

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ნაკრები გერმანიას ხუთჯერ ეთამაშა. ყველა შეხვედრა გერმანელთა სასარგებლოდ დასრულდა. ყველაზე მწარედ გასახსენებელი ევრობასკეტი 2017-ის დაპირიპირებაა, რომელშიც ფავორიტად საქართველო ითვლებოდა, მაგრამ გერმანიამ დენის შრიოდერის დახმარებით 57:67 გაიმარჯვა.

ეს მატჩი იყო გადამწყვეტი საქართველოს ნაკრებისთვის. მისი მოგების შემთხვევაში ის პლეი ოფში გავიდოდა… მაშინ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა.

მსოფლიო ჩემპიონატი 2019

შესარჩევი

გერმანია-საქართველო 79:70

18:18, 22:23, 20:20, 19:9

საქართველო: დიქსონი (23ქ, 4მ, 5პ, 2ჩ), ა. ბოისა, მარკლოიშვილი (7ქ, 4მ, 5პ), ფაცაცია (3ქ, 3მ), დარბაიძე, ბერიშვილი (15ქ, 4მ, 4პ), ბოქოლიშვილი (7ქ). დვალიშვილი (3ქ), ცქიტიშვილი (8ქ, 5მ), ბექაური, ბითაძე (4ქ, 3მ)

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2019

შესარჩევი

საქართველო-გერმანია 77:87

17:27, 21:24, 24:18, 15:18

საქართველო: დიქსონი (26ქ, 4პ), ა. ბოისა, ფაცაცია (5ქ, 4მ, 4პ, 2ჩ), წივწივაძე, დარბაიძე, ბერიშვილი (15ქ, 3მ), ბოქოლიშვილი (8ქ), ჩაჩანიძე (3ქ), დვალიშვილი (4ქ, 3მ), ცქიტიშვილი (7ქ, 4მ), ბითაძე (9ქ, 5მ). ლონდარიძე

 

ევრობასკეტი 2017

საქართველო-გერმანია 57:67

საქართველო: დიქსონი (8ქ, 5პ), გამყრელიძე, ფაჩულია (14ქ, 8მ), ცინცაძე (4ქ, 2პ), შერმადინი (5ქ, 3პ), სანაძე (8ქ), მარკოიშვილი (6ქ, 5მ), ბერიშვილი, შენგელია (12ქ, 6მ), ლონდარიძე