გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი - ნატო-ს დატოვებაზე ტრამპის განცხადება პირველი შემთხვევა არ არის, ეს განმეორებადი ფენომენია
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი - ნატო-ს დატოვებაზე ტრამპის განცხადება პირველი შემთხვევა არ არის, ეს განმეორებადი ფენომენია

აშშ-ის მიერ ნატო-ს შესაძლო დატოვების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას ევროპის ქვეყნები ეხმაურებიან. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მსგავსი კომენტარები ადრეც გააკეთა და სიახლე არაფერია.

„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამას ამბობს და რადგან ეს განმეორებადი ფენომენია, შედეგების შეფასება ალბათ თავად შეგიძლიათ. ჩემი საქმე აქ არ არის ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება. უბრალოდ, მინდა, გერმანიის მთავრობის სახელით განვაცხადო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთგული ვართ ნატო-ს მიმართ“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

საფრანგეთის მთავრობაში კი განაცხადეს, რომ ნატო-ს დღის წესრიგში არ შედის ჰორმუზის სრუტის კუთხით სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

„ნება მომეცით, შეგახსენოთ, რა არის ნატო. ეს არის სამხედრო ალიანსი, რომელიც ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებითაა დაინტერესებული. ის არ არის განკუთვნილი ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება “, – განაცხადა საფრანგეთის არმიის მინისტრმა, ალის რუფომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „მტკიცედ განიხილავს“ ნატო-დან გასვლას. „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში თეთრი სახლის ლიდერმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა და აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს საზღვაო ფლოტი არ ჰყავს.