გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.
ოფიციალური ბერლინის ცნობით, ოლაფ შოლცმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე მოუწოდა ვლადიმერ პუტინს სადავო ზონებში ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფისკენ. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს აცნობა, რომ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მესამე რაუნდის გამართვას მიმდინარე კვირის ბოლოს გეგმავენ.
გერმანიის კანცლერი და რუსეთის პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე უახლოეს მომავალში ისაუბრებენ. ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი ერთ საათს გრძელდებოდა.