გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე რუსულ ნავთობსა და ნახშირზე უარის თქმას გეგმავენ
მიმდინარე წლის შემოდგომისთვის გერმანიამ სრულად უნდა თქვას უარი ნახშირზე რუსეთის ფედერაციიდან, ხოლო წლის ბოლომდე თითქმის სრულად დამოუკიდებელი გახდეს რუსული ნავთობისგან, – როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ამის შესახებ გერმანიის ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
ჰაბეკის თქმით, რუსულ გაზზე უარის თქმა უფრო რთული იქნება, რადგან გერმანიას არ აქვს თხევადი გაზის იმპორტის საკუთარი შესაძლებლობები. გერმანია შესაბამისი ტერმინალის აშენებას გეგმავს. ჰაბეკი აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლების გეგმები არის რუსეთიდან ენერგოპროდუქტების იმპორტზე სრულად უარის თქმა. მისი თქმით, ესმის ყველასი, ვინც პუტინის სასტიკი აგრესიული ომის გამო ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ ის მთელ ქვეყანაზე არის პასუხისმგებელი.
„ეს არ არის პატარა პირადი კომფორტის მსხვერპლშეწირვა, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური შეზღუდვა: იმპორტის დაუყოვნებლივი აკრძალვის შემთხვევაში საუბარი წარიმართება მომდევნო ზამთრისთვის მიწოდების შემცირებაზე, ეკონომიკურ ვარდნაზე და მაღალ ინფლაციაზე, ასობით ათასი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს, გათბობასთან და ელექტროენერგიასთან ერთად. სანქციები უნდა იყოს ისეთი, რომ გადარჩენა შევძლოთ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე, რათა შევამციროთ დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე, ნახშირსა და გაზზე“, – განაცხადა ჰაბეკმა.