გერმანიის მთავრობა სრულად ვაქცინირებული ან „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე შეთანხმდა
გერმანიის მთავრობა სრულად ვაქცინირებული ან „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებაზე შეთანხმდა

გერმანიის მინისტრთა კაბინეტი შეთანხმდა, რომ სრულად ვაქცინირებული ან „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებული პირებისთვის შეზღუდვები შეამსუბუქოს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, მთავრობის ინიციატივა ახლა პარლამენტის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს.

მინისტრის თქმით, ინფექციის შესაკავებლად და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს, როდესაც აღნიშნული ზომები აღარ არის გამართლებული.

„ვირუსის გადაცემა თუ სრულად ვაქცინირებულ და გამოჯანმრთელებულ ადამიანებში მნიშვნელოვნად შემცირებულია, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული მოქმედ ზომებში. ჩვენ ახლა შევასრულეთ ეს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა გერმანიის მოქალაქეების დაახლოებით 8%-ს აქვს მიღებული, მოსახლეობის 28%-ზე მეტს კი, ვაქცინის პირველი დოზა აქვს გაკეთებული.