გერმანიის მთავრობა ანგელა მერკელის, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ ზელენსკის ვიდეოკონფერენციის შესახებ განცხადებას ავრცელებს
გერმანიის მთავრობა ანგელა მერკელის, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ ზელენსკის ვიდეოკონფერენციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

გერმანიის მთავრობა კანცლერ ანგელა მერკელის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ვიდეოკონფერენციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებით, მერკელმა, მაკრონმა და ზელენსკიმ განიხილეს უკრაინა-რუსეთის საზღვარზე და აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია. მათ შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრის გასწვრივ და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდის გამო და რუსეთს მოუწოდეს ქვედანაყოფების შემცირებისკენ ვითარების დეესკალაციის მიზნით.

განცხადების თანახმად, გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ორივე მხარის მიერ მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების აუცილებლობას და განაცხადეს, რომ გერმანია და საფრანგეთი „ნორმანდიულ ფორმატში“ თავიანთ ძალისხმევას გააგრძელებენ.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პარიზში ჩავიდა, სადაც ელისეის სასახლეში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა ემანუელ მაკრონთან. მოგვიანებით საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გერმანიის კანცლერი შეუერთდა.

დატოვე კომენტარი