გერმანიის მმართველი კოალიცია ქვეყნის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებაზე შეთანხმდა
გერმანიის მმართველი კოალიცია გერმანიის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებაზე შეთანხმდა, – ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნატურალიზაცია შესაძლებელი იქნება, თუ ისინი გერმანიაში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. მანამდე ეს ვადა რვა წელი იყო.
ამასთან ერთად, კანონში ნათქვამია, რომ იმ უცხოელებს, რომლებიც განსაკუთრებით კარგად არიან ინტეგრირებულები გერმანიის საზოგადოებაში, ექნებათ უფლება, გერმანიის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნა ქვეყანაში სამი წლის ცხოვრების შემდეგ დააფიქსირონ. უპირატესობა მიენიჭებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც კარგად ფლობენ გერმანულ ენას, აქტიურად მონაწილეობენ მოხალისეობრივ საქმიანობაში ან არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
ამას გარდა, იმ უცხოელებს, რომლებიც მიიღებენ გერმანიის მოქალაქეობას, ექნებათ უფლება, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაც შეინარჩუნონ. მანამდე მოქმედი კანონი მათ საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმას ავალდებულებდა.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ამ წესის შემოღების ამოქმედების შემდეგ გერმანიის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში უცხოელებს საკუთარი იდენტობის ნაწილზე უარის თქმა აღარ მოუწევთ.
ახალ კანონპროექტში ასევე ჩაიწერება, რომ გერმანიის მოქალაქეობის მიღება აეკრძალებათ იმ უცხოელებს, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო რასისტულ ან ანტისემიტურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის. პროკურატურა ვალდებული იქნება, საიმიგრაციო სამსახურს ასეთ დანაშაულებების შესახებ აცნობოს.
კანონში ასევე ჩაიწერება, რომ გერმანიის მოქალაქეობის მიღების მსურველებს საკუთარი თავის უზრუნველყოფა უნდა შეეძლოთ და არ უნდა იყვნენ დამოკიდებულები სახელმწიფოს სოციალურ დახმარებაზე.