გერმანიის მმართველ კოალიციაში საწვავის მაღალი ფასებით გამოწვეული ფინანსური ზიანის აღმოსაფხვრელად გადაუდებელი ზომების მიღების ინიციატივით გამოვიდნენ

13:48, 16.09.2026

გერმანიის მმართველ კოალიციაში საწვავის მაღალი ფასებით გამოწვეული ფინანსური ზიანის აღმოსაფხვრელად გადაუდებელი ზომების მიღების ინიციატივით გამოდიან. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მათ შორის განიხილება ბენზინსა და დიზელის საწვავზე დამატებითი ღირებულების გადასახადის 19%-დან 7%-მდე შემცირება, რაც შესაძლოა, პირველ ოქტომბერს ამოქმედდეს.

ამის შესახებ ბუნდესტაგში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, თორსტენ ფრაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებასთან ერთად, სახელმწიფოს მიერ დღგ-ის სახით მიღებული შემოსავალიც იზრდება.

„ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ თანხის ნაწილის დაბრუნება და დღგ-ის 19%-ის ნაცვლად, 7%-იანი განაკვეთის დაწესება“, – განაცხადა ფრაიმ.

მისივე თქმით, ამისთვის დამატებითი დაფინანსების მოძიება საჭირო არ იქნება, რადგან სახელმწიფო გადასახადის გადამხდელებს დღგ-დან მიღებული დამატებითი შემოსავლის ნაწილს დაუბრუნებს.

თორსტენ ფრაის განცხადებით, ალტერნატიული ვარიანტი შესაძლოა, საწვავზე ფასდაკლების დაბრუნება იყოს. ეს შეღავათი მმართველმა კოალიციამ საწვავის გაძვირების გამო აპრილის ბოლოს დაამტკიცა და ის პირველი მაისიდან 30 ივნისამდე მოქმედებდა.

ფრაის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების სწრაფი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის, ამიტომ გერმანიის ხელისუფლებამ საწვავის ფასებში ჩარევის საკითხი უნდა განიხილოს.

„უნდა განვიხილოთ, როგორ შეიძლება პირველ ოქტომბრამდე გადაუდებელი ზომების ამოქმედება“, – განაცხადა ფრაიმ.

თორსტენ ფრაიმ ასევე გაიხსენა გაზაფხულზე ავტომობილების მფლობელებისთვის დაწესებული მოკლევადიანი შეღავათები და აღნიშნა, რომ მსგავსი ზომების მიღება ახლაც აუცილებელია.

ცნობისთვის, მანამდე გერმანიის მმართველი კოალიცია საწვავზე ფასდაკლების ხელახლა დაწესების იდეას დიდი ხარჯების გამო უარყოფდა. 15 სექტემბერს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ხელისუფლება საწვავის მაღალი ფასებით გამოწვეული ფინანსური ზიანის აღმოსაფხვრელად ზომების მიღებას გეგმავს.

„მთავრობა განიხილავს გადასახადებისა და მოსაკრებლების საკითხს“, – განაცხადა მერცმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი წინადადება მალე უნდა მომზადდეს.

მსგავსი