გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელი გერმანიაში ტერორისტული საფრთხის შესახებ საუბრობს
გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელი ტომას ჰალდენვანგი გერმანიაში ისლამისტური ტერორისტული საფრთხის შესახებ საუბრობს. სპეცსამსახურების უფროსმა აღნიშნა, რომ გერმანიაში სამართალდამცავ ორგანოებს ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვებათ ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან საფრთხის გამო.
ამასთან, ტომას ჰალდენვანგმა ტელეკომპანია „ARD“-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გერმანიაში ტერორისტული საფრთხის დონე არ შეცვლილა და როგორც გასული წლების განმავლობაში, კვლავ მაღალი რჩება.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ისლამისტი ტერორისტების მხრიდან საფრთხე მაღალი რჩება. ისლამისტური თავდასხმა გერმანიაში ასევე ყოველ დღეა მოსალოდნელი“, – განაცხადა ტომას ჰალდენვანგმა.
გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელის თქმით, აუცილებელია „უკვე ცნობილ საშიშ ელემენტებზე“ კონტროლი გაძლიერდეს, რათა ავსტრიასა და საფრანეგთში გნხორციელებული თავდასხმების მსგავსი შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული.
შეგახსნებთ, რომ 2 ნოემბერს ვენაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 22 ადამიანი. მანამდე, 29 ოქტომბერს დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ადამიანი მოკლა და ექვსი დაჭრა ნიცაში.