გერმანიის ხუთი ქალაქი მზაობას გამოთქვამს, ღაზის სექტორიდან მძიმედ დაავადებული და ტრავმირებული ბავშვები სამკურნალოდ მიიღოს
გერმანიის ხუთი ქალაქი – ჰანოვერი, დიუსელდორფი, ბონი, ლაიფციგი და კილი მზაობას გამოთქვამენ, ღაზის სექტორიდან მძიმედ დაავადებული და ტრავმირებული ბავშვები სამკურნალოდ მიიღონ, თუმცა ფედერალური მიწების რეგიონული მთავრობები ამ გეგმას აფერხებენ, რადგან სწორედ მათ მოუწევთ, კოორდინაცია გაუწიონ დახმარების პროგრამას, შეარჩიონ ბავშვები და უზრუნველყონ ქვეყანაში მათი დაშვების პროცედურები.
აღნიშნულის გამო ხუთი ქალაქის მერმა დახმარებისთვის წერილობით მიმართა ქვეყნის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. ორივე უწყება საკითხის შესწავლას გეგმავს. გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ და ქრისტიან-სოციალისტურ ბლოკში ღელავენ, რომ ამან არ გამოიწვიოს მიგრაციის ახალი ტალღა.
პოლიტიკურ გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ მკურნალობის მიზნით ბავშვების ქვეყანაში მიღება მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება, რასაც მათი ოჯახების წევრების გერმანიაში გადასვლა მოჰყვება, როგორც ამას ხშირად ოჯახების გაერთიანების მიზნით აკეთებენ ხოლმე. ასევე, გართულდება მათი ღაზაში დაბრუნება, რადგან პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად არ არსებობს.