გერმანიის კანცლერმა და შს მინისტრმა მიგრაციულ საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს
გერმანიის კანცლერმა და შს მინისტრმა მიგრაციულ საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა მიგრაციულ საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ თავად „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ლიდერმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დარჩენა სურს. მან დაამატა, რომ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები საზღვრებზე უსაფრთხოების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ.

„ინტენსიური დისკუსიის შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას, როგორ უნდა მოვიქცეთ მომავალში გერმანიისა და ავსტრიის საზღვარზე არალეგალი მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად“,- განაცხადა ჰორსტ ზეეჰოფერმა ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ.

მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც.

შეგახსენებთ, მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციების გამო მმართველი ძალა პოლიტიკური განხეთქილების ზღვარზეა. უთანხმოების საფუძველზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ ივლისს განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებდა. სწორედ ამიტომ 2 ივლისს მმართველი კოალიციის პარტიებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.