გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი - ევროპაში, საუკეთესო შემთხვევაში, ყინულოვანი მშვიდობაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, ცხელ დაპირისპირებაში გადაიზარდოს
ევროპაში, საუკეთესო შემთხვევაში, ყინულოვანი მშვიდობაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, ცხელ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალური დაზვერვის სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა, მარტინ იეგერმა ბუნდესტაგის წინაშე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
გერმანული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი ცდილობს ნატო-სთვის ძირის გამოთხრას და ევროპაში დემოკრატიების დესტაბილიზაციას. როგორც მარტინ იეგერმა აღნიშნა, ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი არ მოერიდება ნატო-სთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას.
„ჩვენ არ უნდა დავსხდეთ და არ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის შესაძლო თავდასხმა, სულ მცირე, 2029 წლამდე არ მოხდება. დღეს უკვე ცეცხლის ქვეშ ვართ. ევროპაში, საუკეთესო შემთხვევაში, ყინულოვანი მშვიდობაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება, ცხელ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ვითარების შემდგომი ესკალაციისთვის. შიშითა და ინერციით პარალიზებული ევროპა, სავარაუდოდ, თვითმიტოვებისკენ იქნება მიმართული. ამ გზით მოსკოვი ითვლის საკუთარი გავლენის სფეროს დასავლეთისკენ გაფართოების რეალურ შანსებს და ევროპის, რომელიც ეკონომიკურად გაცილებით ძლიერ მდგომარეობაშია, რუსეთზე დამოკიდებულად გადაქცევას“, – განაცხადა მარტინ იეგერმა.