გერმანიის ეროვნული ნაკრები კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონია. პლანეტის პირველობის ფინალში გერმანიამ სერბეთის ნაკრები 83:77 დაამარცხა.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. პირველი და მეორე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, გუნდებს ერთმანეთის ზუსტ ტყორცნებზე პასუხი მუდამ ჰქონდათ და წინ დიდი უპირატესობით გასვლას ვერცერთი მათგანი ახერხებდა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი ფრედ, 47:47 დასრულდა.
შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი. სერბებს გააზრებული შეტევების განხორციელება უჭირდათ, რადგან გერმანიის ნაკრები აგრესიულ დაცვას თამაშობდა, ხოლო შეტევაში მათი ტყორცნები მიზანს აღწევდა. გერმანელებმა მესამე ათწუთეული 22:10 მოიგეს.
მეოთხე მეოთხედში გორდი ჰერბერტის ნაკრებმა 12-ქულიანი უპირატესობაც კი მოიპოვა, თუმცა ავრამოვიჩის ზუსტი ტყორცნებით სერბეთი საფინალო სირენამდე წუთით ადრე გერმანიას 3-ქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა. ამ მომენტში თავის თავზე თამაში გერმანელთა ლიდერმა, დენის შრიოდერმა აიღო, რომელმაც თავისიანებს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. საპირისპიროდ კი სერბეთის უკანახაზელმა მარკო გუდურიჩმა უამრავი შანსი ვერ გამოიყენა.
გერმანელთა შემადგენლობაში 28 ქულით საუკეთესო იყო დენის შრიოდერი. მან 17 დან 9 ზუსტი ტყორცნა და 10 დან 8 საჯარიმო გამოიყენა. 19 ქულით დაეხმარა საკუთარ ნაკრებს ფრანც ვაგნერი, ხოლო 12 ქულა ჰქონდა იოანეს ვოიტმანს. სერბეთის რიგებში 21 ქულა დააგროვა ალექსა ავრამოვიჩმა, ხოლო 17 – ბოგდან ბოგდანოვიჩმა, თუმცა ამ უკანასკნელმა მეორე ტაიმში ვერცერთი ქულა მოუტანა თავის გუნდს.
გერმანიამ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წაუგებლად დაამთავრა, გუნდმა 8 დან 8 მატჩი მოიგო.
ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გერმანელი ფრანც ვაგნერი გახდა, ხოლო ტურნირის უძვირფასეს კალათბურთელად (MVP) დენის შრიოდერი დაასახელეს.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი კანადის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში აშშ 127:118 დაამარცხა.