გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეთანხმდება
ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში შეთანხმდება. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ZDF-ს განუცხადა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ემბარგოს დაწესება ავტომატურად არ შეასუსტებს კრემლს, ვინაიდან ნავთობის მზარდი ფასები რუსეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი შემოსავალი ნაკლები მოცულობის გაყიდვითაც.
მინისტრის თქმით, ერთ-ერთი განსახილველი ინიციატივა იყო, ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარზე შეთანხმება, რათა არ გადაიხადონ ნავთობისთვის „ნებისმიერი ფასი“.
შეგახსენებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგება უნგრეთი.