გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 59-ს მიაღწია. სტიქია ციკლონმა „ბერნდმა“ გამოიწვია. ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

უხვი ნალექით გამოწვეულმა წყალდიდობამ მდინარე რაინის სანაპიროზე მდებარე არაერთი ქალაქი დააზარალა. რაინლანდ-პფალცის მიწაზე ექვსი სახლი ჩამოინგრა. კიდევ რამდენიმე შენობა დაზიანებულია და დანგრევის პირასაა.

რაინლანდ-პფალცის მიწაზე წყალდიდობის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 33 ადამიანი დაიღუპა კიოლნში და ჩრდილოეთ რაიონში.

ბად-ნოიებარის ხელისუფლება იუწყება, რომ დაკარგულად მიიჩნევა 1 300 ადამიანი. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მოქალაქეებს ვერ უკავშირდებიან, რადგან რეგიონში მობილური კავშირი შეწყვეტილია.

წყალდიდობის გამო, აირვაილარის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. რამდენიმე ქალაქი გარესამყაროს მოწყდა. მაშველებს მოქალაქეები ვერტმფრენებით გამოჰყავდათ. შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება, შეფერხებით მუშაობს სარკინიგზო ტრანსპორტი.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი. ანგელა მერკელმა სტიქიის შედეგებს კატასტროფული უწოდა და დაზარალებულთა დახმარების პირობა დადო.