გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა

გერმანიაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა. დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის არვაილერის რაიონში დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ასობით სამხედრო. ისინი პოლიციასთან ერთად გზებს ასუფთავებენ მეწყერისა და წაქცეული ხეებისგან. დატბორილი სახლების სახურავებიდან მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით ხორციელდება.

ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობაა ბელგიაშიც, სადაც სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულია. დატბორილი დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ბელგიის ლიეჟის პროვინციაში მოსალოდნელია მდინარე მაასის ადიდება, რის გამოც გამოცხადებულია წყალდიდობის საფრთხე. ბელგიის სამხრეთ ნაწილში სტიქიის გამო შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.