გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა, რომელსაც ოლაფ შოლცი და ანალენა ბერბოკიც ესწრებოდნენ
გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა, რომელსაც ოლაფ შოლცი და ანალენა ბერბოკიც ესწრებოდნენ

გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

გერმანული მედიის ცნობით, აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. მიტინგებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია ჩატარდა ბერლინში, რომელსაც 25 ათასზე მეტი მოქალაქე შეუერთდა.

პოტსდამში გამართულ მიტინგს დაესწრნენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

აქციების გამართვის მიზეზი გახდა გერმანული მედიის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატია, რომლის მიხედვითაც, ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებმა სხვა მემარჯვენე ორგანიზაციებთან ერთად შეხვედრა გამართეს, სადაც გერმანიიდან იმიგრანტების მასობრივი დეპორტაციის საკითხი განიხილებოდა.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, მიტინგზე მოქალაქეებთან ერთად მივიდა ძველი და ახალი ფაშიზმის გასაპროტესტებლად. დემონსტრაციები ასევე გაიმართა ზაარბრიუკენსა და ჰამბურგში.

მანამდე ულტრამემარჯვენეთა შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მკაცრად დაგმო გერმანიის პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენელმა. ასევე, განახლდა დებატები პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის შესაძლებლობის შესახებ, თუმცა გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მსგავსი ინიციატივის წარმატებაში ეჭვი ეპარება.