გერმანიაში ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ძალების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
გერმანიაში ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ძალების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

რამდენიმე ადამიანი დაშავდა გერმანიის აღმოსავლეთით, ქალაქ კემნიცში ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ძალების დაპირისპირების შედეგად. ქალაქის ქუჩებში არეულობა უკვე მეორე დღეა გრძელდება.

ულტრამემარჯვენე ძალები 35 წლის გერმანელი ახალგაზრდის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც კვირას გამთენიისას 3:15 საათისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაპირისპირების დროს მიყენებული სასიკვდილო ჭრილობების შედეგად დაიღუპა.

ამავე ჩხუბის დროს დაშავდა კიდევ ორი მამაკაცი, ისინი მკურნალობას საავადმყოფოში გადიან. პოლიციამ აღნიშნულ საქმეში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. ერთი წარმოშობით ერაყელი, მეორე კი – სირიელია.  დაპირისპირების მიზეზებს ოფიციალური წყაროები ამ ეტაპზე არ ასახელებენ.

კემნიცის მცხოვრებლები კვირა დღესვე სწორედ იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც გერმანელს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, მათ ტერიტორიის ყვავილებით შემკობა დაიწყეს. თუმცა, აქცია მშვიდობიანი ხასიათის იყო და მალევე დასრულდა.

მოგვიანებით ამავე ტერიტორიაზე 800-მდე ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მხარდამჭერმა დაიწყო შეკრება. მას შემდეგ რაც, სოციალურ ქსელში მემარჯვენე პოპულისტურმა მოძრაობა „პეგიდამ” და პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის” მოწოდებები გამოაქვეყნეს.

„თუ სახელმწიფო აღარ იცავს თავის მოქალაქეებს, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოდის და თავად იცავს თავს” – წერს მარკუს ფრონმაიერი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” ახალგაზრდული ფრთის ლიდერი და აღნიშნავს, რომ დღეს მათი სამოქალაქო ვალია, შეაჩერონ „დანების სასიკვდილო მიგრაცია”.

შედეგად, ულტრამემარჯვენე აქტივისტებმა ქუჩაში გამვლელ უცხოელებზე თავდასხმა დაიწყეს.დაზარალებულთა შორის ბულგარეთის, ავღანეთისა და სირიის მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ. ერთ-ერთმა ადგილობრივმა არხმა მოგვიანებით გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ მიათრევენ „სქინჰედები” უცხოელ მამაკაცს ქუჩაში. პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილე ოთხი პირი დააკავა.
ულტრამემარჯვენეთა ქმედებების გასაპროტესტებლად, ორშაბათს საღამოს კარლ მარქსის ძეგლთან შეკრება, მემარცხენე ძალების წარმომადგენლებმაც დაიწყეს. ისინი რადიკალურად განწყობილ მემარჯვენეებს ქსენოფობიური დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ. ადგილი ჰქონდა ბოთლებისა და ხმოვანი ხელყუმბარის სროლას. პოლიცია იძულებული გახდა წყლის ჭავლი გაემოეყენებინა.