გერმანიაში უკრაინის ელჩი - შოკირებული ვართ, რომ ბერლინის პოლიციამ 8-9 მაისს უკრაინის დროშების ფრიალი აკრძალა, ეს არის სილის გარტყმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის
გერმანიაში უკრაინის ელჩი - შოკირებული ვართ, რომ ბერლინის პოლიციამ 8-9 მაისს უკრაინის დროშების ფრიალი აკრძალა, ეს არის სილის გარტყმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრეი მელნიკი  2022 წლის 8-9 მაისს არამხოლოდ რუსული, არამედ უკრაინული სიმბოლოების გამოყენების აკრძალვის თაობაზე ბერლინის პოლიციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

„შოკირებული ვართ, რომ ბერლინის პოლიციამ 8-9 მაისს უკრაინის დროშების ფრიალი აკრძალა. ეს არის სახეში სილის გარტყმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის“, – აღნიშნა მელნიკმა.

მისი თქმით, გერმანიის დედაქალაქში აიკრძალა უკრაინის დროშის ფრიალი, ისევე როგორც რუსეთის დროშის შემთხვევაში მოხდა, რომლის ქვეშაც უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და ათობით ათასი უკრაინელი ქალისა და ბავშვის წინააღმდეგ უმძიმესი ომის დანაშაულებია ჩადენილი.

„ეს არამხოლოდ ტაქტის ნაკლებობას აჩვენებს, არამედ ეს არის კატასტროფული პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – დაამატა მელნიკმა.

ელჩის თქმით, გასაგებია პოლიციის ძალისხმევა უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე, მაგრამ ის ფაქტი, რომ მსხვერპლი და დამნაშავე გაიგივებულია, უბრალოდ აღმაშფოთებელია.

მანამდე, გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ხელისუფლებამ 8-9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77 წლისთავთან დაკავშირებით, რუსული და უკრაინული დროშების გამოყენება აკრძალა.

„ხსოვნის აქტი, ასევე მემორიალებისა და ძეგლების პატივისცემა დაცული უნდა იყოს უკრაინაში რუსეთის ამჟამინდელი აგრესიული ომის ფონზე. დაუშვებელია ომი გადაიზარდოს ბერლინში კონფლიქტებსა, თუ დავაში, დემოკრატიული დისკურსის მიღმა“, – განაცხადეს ბერლინის პოლიციაში.