გერმანიაში უკრაინის ელჩი - რუსეთის სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილების ერთადერთი გზა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაა
გერმანიაში უკრაინის ელჩი - რუსეთის სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილების ერთადერთი გზა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაა

რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის თავიდან აცილების ერთადერთი გზა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაა, – ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა განაცხადა.

მელნიკი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიაწოდოს უკრაინას თანამედროვე შეიარაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინისთვის ბირთვული სტატუსის აღდგენას არ გამორიცხავს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ხვალ ან ზეგ პუტინმა არ დაგვიპყროს. ამისთვის ერთადერთი გზაა, უკრაინა ბოლოს და ბოლოს გახდეს ალიანსის წევრი. უკრაინა რომ ნატო-ს წევრი ყოფილიყო 2014 წელს, ანექსიამდე და აღმოსავლეთით ეს საშინელი ომი საერთოდ არ მოხდებოდა“, – განაცხადა ელჩმა.

ანდრეი მელნიკი უკრაინისთვის ბირთვული სტატუსის დაბრუნებასაც არ გამორიცხავს.

„უკრაინას სხვა არჩევანი არ აქვს. ჩვენ ან ისეთი კავშირის წევრი უნდა გავხდეთ, როგორიც ნატოა და შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რათა ევროპა უფრო ძლიერი გახდეს, ან ჩვენ გვრჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი – თავად შევიარაღდეთ და შესაძლოა, ისევ დავფიქრდეთ ბირთვულ სტატუსზე“, – განაცხადა ელჩმა.