გერმანიაში ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
გერმანიაში ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

გერმანიაში ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, გამკაცრებული წესები იმოქმედებს მეჩეთებთან, სარკინიგზო სადგურებსა და აეროპორტებში. ამის მიზეზად შინაგან საქმეთა მინისტრი ულტრამემარჯვენეებისგან მომავალ საფრთხეს ასახელებს. ჰორსტ ზეეჰოფერის თქმით, საგანგებო რეჟიმზე გადასვლა აუცილებელია, რათა თავდასხმა, რომელიც 19 თებერვალს ჰანაუში მოხდა, არ განმეორდეს.

„ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის, ანტისემიტიზმისა და რასიზმის საფრთხე მაღალია“, – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ჰანაუში, ჩილიმბარში მომხდარი თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი მოკლეს. გერმანიის პროკურატურაში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, „რასისტულად იყო განწყობილი“. მსხვერპლთა უმრავლესობა იმიგრანტი იყო. მათგან ხუთს თურქეთის მოქალაქეობა ჰქონდა. გარდაცვლილთა შორის ასევე არის ბოსნიელი, ბულგარელი და რუმინელი.

თავდასხმის მსხვერპლებს ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი. ჰანაუში მოქალაქეები ქუჩაში სანთლებითა და ყვავილებით შეიკრიბნენ.

გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი 43 წლის, გერმანიის მოქალაქეა. პროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.