გერმანიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თავშესაფრის მაძიებლებისთვის კანონს ამკაცრებს. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.
როგორც ცნობილია, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მსურველების განაცხადები ხელმეორედ გადამოწმდება. საერთო ჯამში, 2020 წლამდე შესაბამისი სამსახურები 800 ათასი ლტოლვილის ისტორიას ხელმეორედ შეისწავლიან.
შესაბამისი კანონპროექტი ბუნდესტაგმა 8 ნოემბერს მიიღო. ცვლილებას მხარი მმართველმა კოალიციამ, „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ და მემარჯვენე პოპულისტების პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაუჭირეს. საიმიგრაციო კანონის გამკაცრების წინააღმდეგ მემარცხენე პარტია და „მწვანეთა პარტია“ გამოვიდნენ.
აქამდე გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ უწყებასთან (BAMF) თანამშრომლობა მხოლოდ თავშესაფრის მიღების პროცესში იყო აუცილებელი. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილების გადამოწმება აღარ ხდებოდა. თუმცა, ახალი კანონის თანახმად, გადამოწმებას იმ პირების ისტორიებიც დაექვემდებარება, რომლებსაც უკვე აქვთ ლტოლვილის სტატუსი მინიჭებული. აღნიშნული პროცედურის გასავლელად მათ გერმანიის ხელისუფლებასთან ხშირი კონტაქტი და მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიგრანტს ფულადი ჯარიმა ან პატიმრობა დაემუქრება.
2015-2016 წლებში, ევროპაში არსებული მიგრანტთა კრიზისის დროს გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭება საკმაოდ მარტივი პროცედურა იყო. მიგრანტთა დიდი ნაკადის გამო, ხშირ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსს მხოლოდ განმცხადებლის სიტყვებზე დაყრდნობით, დეტალური შემოწმების გარეშე ანიჭებდნენ. ამიტომ გერმანიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ 2020 წლამდე 800 ათასი ისტორია თავიდან უნდა გადამოწმდეს.