გერმანიაში ქართულ-გერმანული ფესტივალი „სუფრა“ მიმდინარეობს
გერმანიაში ქართულ-გერმანული ფესტივალი „სუფრა“ მიმდინარეობს

გერმანიაში ქართულ-გერმანული ფესტივალი „სუფრა“ მიმდინარეობს. „სუფრა“ ცხრადღიანი ფესტივალია, რომლის მიზანია ქართულ-გერმანული ხელოვნებისა და კულტურის ურთიერთკავშირის ხელშეწყობა.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება არაერთი ღონისძიება, მათ შორის რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილის ფილმის, „გრძელი ნათელი დღეები“ ჩვენება და შეხვედრა მასთან, ქართული ფოლკლორული სიმღერები „ქალაუს“ შესრულებით, ახალგაზრდა სტრიტ-არტისტი მიშიკო სულაკაური კი, ჰამბურგში თუშური კედლის ინსტალაციას შექმნის. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, კულინარიულ „ვორქშოპში“ მიიღონ მონაწილეობა და გაეცნონ ქართულ სამზარეულოს.

ფესტივალი დასრულდება 28 ივლისს, სადაც ყველა მონაწილე გაერთიანდება პერფორმანს „სუფრის“ გარშემო, რომელზეც გერმანულად​ წაიკითხავენ თანამედროვე ქართველი პოეტის, გიორგი გამსახურდიას ლექსებს.

ფესტივალის ორგანიზატორები და თანაკურატორები არიან თეონა გოგიჩაიშვილი და ოლაფ შელერი. ორგანიზატორების განცხადებით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, წარმოჩენამ ქართულ-გერმანული კულტურული კავშირი საგრძნობლად გააღრმავა და ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა.