გერმანიაში ორი ქართველი კბილის ჯაგრისების ქურდობისთვის დააკავეს
გერმანიაში ორი ქართველი კბილის ჯაგრისების ქურდობისთვის დააკავეს

გერმანიაში, ჰაიდელბერგის პროკურატურის მოთხოვნით, ორი ქართველი დააკავეს. ერთობლივ პრესრელიზს პროკურატურა და ედერბახის პოლიცია ავრცელებს, რომელმაც უშუალოდ ჩაატარა დაკავების ოპერაცია.

ოფიციალური ინფორმაცით, ქართველები კბილის ჯაგრისებისა და პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებების ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ორ ქართველს სურდა „ამ და სხვა სახის ქურდობა საკუთარი მუდმივი შემოსავლის წყაროდ ექცია“.

მოპარული ნივთების რაოდენობა, როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, 574 ევროს ღირებულებისაა. ქურდობა ქალაქ ედერბახის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა.

დაკავებული ქართველების ვინაობას გამოძიება არ ასახელებს. ცნობილი მხოლოდ მათი ეროვნება და ასაკია. ერთი დაკავებული 22-ის, მეორე კი 25 წლის არის.

პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ დაპატიმრება სუპერმარკეტში მოხდა. ეჭვმიტანილების აღკვეთის ღონისძიების საქმე ჰაიდელბერგში მოსამართლემ უკვე განიხილა და მისი გადაწყვეტილებით გამოძიების პროცესში მათ წინასწარი დაკავების დაწესებულებაში მოუწევთ ყოფნა.