გერმანიაში, ოფენბურგის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა
გერმანიაში, ოფენბურგის ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა

გერმანიაში, ოფენბურგში, სკოლაში სროლის შედეგად მოსწავლე დაიღუპა. ინფორმაციას „დოიჩეველე“ ავრცელებს.

გერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ სკოლის მოსწავლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ ოფენბურგის სკოლაში.

ეჭვმიტანილი, ამავე სკოლის მოსწავლე პოლიციის ფართომასშტაბიანი ოპერაციის დროს დააკავეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი მე-9 კლასელი მოსწავლეა.

სროლის დროს სკოლაში 180 მოსწავლე იმყოფებოდა. მათი შენობიდან გამოყვანა პოლიციამ მოახერხა.

გამომძიებლების თქმით, თავდამსხმელი შესვენების დროს შევიდა საკლასო ოთახში, მიუახლოვდა კლასში მჯდომ თანაკლასელს და ცეცხლი გაუხსნა. მოსწავლე ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.