გერმანიაში მედიცინის ყოფილმა მუშაკმა ასი პაციენტის მკვლელობა აღიარა
გერმანიაში  მედიცინის ყოფილმა მუშაკმა ასი პაციენტის მკვლელობა აღიარა

გერმანიაში მედიცინის ყოფილმა მუშაკმა 100 პაციენტის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ქალაქ ოლდენბურგის სასამართლო პროცესის პირველ დღეს 41 წლის ნილს ჰოგელმა განაცხადა, რომ 1999-2005 წლებში ორ სამედიცინო დაწესებულებაში სასიკვდილო ინექცია 100 პაციენტს გაუკეთა. სერიული მკვლელი დანაშაულებს საქსონიის მხარეში, ქალაქ ოლდენბურგისა და დელმონჰორსტის სამედიცინო დაწესებულებებში სჩადიოდა.

პროკურორების განმარტებით, მკვლელის მოტივი ინექციის შემდეგ პაციენტების გამოჯანმრთელებით თანამშრომლებზე შთაბეჭდილების მოხდენა და „გმირის სახელის“ მოპოვება იყო.

სერიული მკვლელის დანაშაულებრივი ქმედებები პირველად 2005 წელს გასაჯაროვდა, როდესაც ნილს ჰოგელმა პაციენტს ინექციით ისეთი მედიკამენტი გაუკეთა, რომელიც გამოწერილი არ ჰქონდა და რომელმაც მისი მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. 2008 წელს სერიულ მკვლელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2014-2015 წლებში, განახლებული სასამართლო პროცესის შედეგად კი, ის კიდევ ორი პაციენტის მკვლელობასა და მკვლელობის ორ მცდელობაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ გამომძიებლებმა კვლევა გააფართოვეს და მისი ყოფილი პაციენტების ცხედრების ეგზგუმაცია ჩაატარეს.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ 41 წლის ნილს ჰოგენმა წლების განმავლობაში შესაძლოა, გაცილებით მეტი პაციენტი მოკლა, თუმცა ამის დადგენა გარდაცვლილთა დიდი ნაწილის კრემაციის გამო, ახლა შეუძლებელია.

BBC-ს ინფორმაციით, აღნიშნული საქმე გერმანიის მთავრობისთვის საკმაოდ სენსიტიურია, რადგან დაღუპულების ოჯახების წევრები გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს გულგრილობაში ადანაშაულებენ.