გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 20 პროცენტით გაიზარდა
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული ერთი კვირის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.
„ჩვენ ნამდვილად მესამე ტალღის დასაწყისში ვართ. ეს უკვე აღარაა სადავო. ამჟამად ჩვენ შემსუბუქებული გვაქვს შეზღუდვები და ეს ზრდას აჩქარებს“, – განუცხადა გერმანულ მედიას რობერტ კოხის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგმა, დირკ ბროკმანმა.
გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5 480-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ამასთან, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 238 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 73 656 შეადგინა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 581 ათასზე მეტი შემთხვევა.