გერმანიაში კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელი თანამდებობიდან საბოლოოდ გაათავისუფლეს
გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელი ჰანს-გეორგ მაასენი თანამდებობიდან საბოლოოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა.
ჰორსტ ზეეჰოფერის თქმით, მაასენის გადაყენების თხოვნით გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის გადაწყვეტილებას გარდაუვალი უწოდა.
როგორც ზეეჰოფერმა აღნიშნა, მაასენმა ერთ-ერთი ბოლო გამოსვლის დროს მიუღებელი ფორმულირებები დაუშვა, რითაც შეუძლებელი გახადა ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაგრძელება.
მაასენი კრიტიკის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც მან კემნიცში გადაღებული ვიდეოს ავთენტურობა ეჭვქვეშ დააყენა. ვიდეოში ჩანს, როგორ მისდევს რამდენიმე გერმანელი ფერადკანიან უცხოელებს.
გერმანიის სპეცსამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რათა საზოგადოებას ყურადღება კემნიცში გერმანიის მოქალაქის მკვლელობიდან გადაატანინონ.
მოგვიანებით კი მან აღნიშნა, რომ ვიდეოს ავთენტურობას ეჭვქვეშ არ აყენებს და მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს. აღნიშნული სკანდალის შემდეგ მმართველი კოალიციის გადაწყვეტილებით, მაასენს გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეუჩერეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს.