გერმანიამ სერბეთს მოუგო და „G” ჯგუფში გალიდერდა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, “G” ჯგუფში, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ასპარეზობს, მეორე შეხვედრაში, გერმანიის ეროვნულმა გუნდმა სერბეთი მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 79-74 დაამარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ჰენრიკ რიოდლის გუნდს სამიდან სამი მოგება მოუგროვდა და აღნიშნული ქვეჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

სერბებთან დაპირისპირებაში მასპინძლებს კვლავ რობინ ბენცინგმა ულიდერა, რომელმაც 17 ქულა მიითვალა აქტივში. 11 ქულაა აიზია ჰარტენშტაინის მონაგარი.

სტუმართა შემადგენლობაში 22 ქულით მიროსლავ რადულიცა გამოირჩა. მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრების მეტოქე სწორედ გერმანია იქნება.

შეხვედრა 25 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. იმავე დღეს, სერბები აუტსაიდერ ავსტრიის ეროვნულ გუნდს ვენაში შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ თითო ჯგუფიდან, მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი გუნდი გადის.