გერმანიამ „როსატომის“ ლიცენზიით ბირთვული საწვავის წარმოების ნებართვა გასცა

13:40, 23.07.2026
რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კორპორაცია „როსატომის“ ლოგო სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF), რომელიც 2025 წლის 19 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა

რუსეთის სახელმწიფო ატომური ენერგიის კორპორაცია „როსატომის“ ლოგო სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF), რომელიც 2025 წლის 19 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გაიმართა

22 ივლისს გერმანიამ დააკმაყოფილა ფრანგული კომპანია Framatome-ს განაცხადი, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან, „ტველთან“ და „როსატომთან“ გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმების საფუძველზე ბირთვული საწვავის წარმოებას ითვალისწინებს. ბერლინში აღიარეს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ რისკებს შეიცავს, თუმცა დასძინეს, რომ მასზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

 

ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ფრანგულმა კომპანია Framatome-მ, თავისი შვილობილი კომპანიის მეშვეობით, ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარე ქარხანაში ბირთვული საწვავის ელემენტების წარმოების ნებართვის მისაღებად განაცხადი წარადგინა. ეს პროდუქცია აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების ატომური ელექტროსადგურებისთვის არის განკუთვნილი, სადაც რუსული პროექტის რეაქტორები ფუნქციონირებს. გეგმის მიხედვით, ბირთვული საწვავის ელემენტები, „ტველსა“ და „როსატომთან“ ერთად შექმნილი ერთობლივი საწარმოს მიერ, რუსული ლიცენზიებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა დამზადდეს.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით გამოწვეული პოლიტიკური დათქმების მიუხედავად, ქვემო საქსონიის ფედერალური მხარის გარემოს დაცვის სამინისტრომ, გარემოს დაცვის ფედერალურ სამინისტროსთან შეთანხმებით, საჭირო ნებართვა გასცა, თუმცა მისი მოქმედება რამდენიმე პირობით შეზღუდა.

ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა კრიტიკულად უყურებს რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან თანამშრომლობას, თუმცა გადაწყვეტილება ბირთვული ენერგიის შესახებ გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად არის მიღებული.

„ამ საკითხის გადაწყვეტის შესაბამისი ინსტრუმენტი არის არა ბირთვული სამართალი, არამედ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, მათ შორის – ბირთვულ სექტორში“, – განაცხადეს სამინისტროში.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ უჭერს მხარს ასეთი შეზღუდვების დაწესებას, ბერლინი დღემდე გამოდის რუსეთის ბირთვული სექტორისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით.

Framatome ამ გადაწყვეტილებას მიესალმა. კომპანიამ განაცხადა, რომ ეს ნებართვა ამყარებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხელს უწყობს ინდუსტრიულ სუვერენიტეტს და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, რომ ატომური ელექტროსადგურების ოპერატორები უსაფრთხო და დივერსიფიცირებული საწვავის მიწოდებით უზრუნველყოს.

ფრანგულმა კომპანიამ მანამდე განაცხადა, რომ რუსულ ორგანიზაციებთან მისი თანამშრომლობა დროებითია და მისი მიზანია, დაეხმაროს რუსული ტიპის რეაქტორების ოპერატორებს, ეტაპობრივად თქვან უარი რუსეთიდან პირდაპირ შესყიდვებზე, სანამ Framatome- წარმოების საკუთარ ტექნოლოგიას შეიმუშავებს.

განაცხადმა გერმანიის ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით -უსაფრთხოების რისკებისა და დივერსიის პოტენციური საფრთხეების გამო. ლიცენზია შეიცავს რამდენიმე შეზღუდვას, რომლებიც ამ რისკების შემცირებისკენაა მიმართული. მათ შორის არის „ტველისა“ და „როსატომის“ თანამშრომლებისთვის ობიექტზე შესვლის აკრძალვა, ასევე რუსეთიდან მისაწოდებელი აღჭურვილობისა და ბირთვული საწვავის ელემენტების უსაფრთხოების საკითხზე საერთაშორისო აუდიტის ჩატარება.

ევროკავშირის შიგნით ჯერ კიდევ არ არსებობს თანხმობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ბირთვულ სექტორზე გავრცელებასთან დაკავშირებით, თუმცა გერმანია ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად მუშაობს.

 

სტატიის ავტორი: დანილო ოსტროვერხოვ-ნოვიცკი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ოლგა მალცევა, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 ივლისი, 2026 წელი, 02:20 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი