გერმანიამ და ხორვატიამ გააფორმეს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ხორვატია „ლეოპარდ 2A8“ ტიპის ტანკებს მიიღებს იმ ტექნიკის სანაცვლოდ, რომელიც შემდეგ უკრაინას გადაეცემა
გერმანიამ და ხორვატიამ გააფორმეს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ხორვატიული მხარე „ლეოპარდ 2A8“ ტიპის ტანკებს მიიღებს იმ ტექნიკის სანაცვლოდ, რომელიც შემდეგ უკრაინას გადაეცემა.
მემორანდუმის თანახმად, ხორვატიამ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინას მიაწოდოს 30 ერთეული M-84 ტიპის ტანკი და 30 ერთეული M-80 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ასევე მათთვის სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალა, 50-მდე Leopard 2A8 ტანკის შესაძენად საჭირო ფინანსური რესურსების სანაცვლოდ.
„ძალიან მადლობელი ვარ ჩემი კოლეგის და მთლიანად ხორვატიის უკრაინისადმი მუდმივი მხარდაჭერისა და ერთობლივი კოალიციისადმი მათი მკაფიო ერთგულებისთვის. ხორვატია დათანხმდა, გადასცეს უკრაინას 30 ძირითადი საბრძოლო ტანკი და 30 ქვეითი საბრძოლო მანქანა საკუთარი მარაგიდან. მათგან პირველი ნაწილი უკრაინას მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გადაეცეს“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.
თავის მხრივ, ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროექტის განხორციელება ძალიან მალე დაიწყება.