გერმანია-შვედეთი - მატჩის ანონსი
გერმანია-შვედეთი - მატჩის ანონსი

23 ივნისი. სოჭი. სტადიონი “ფიშტი“. დასაწყისი – 22:00
მსაჯი: შიმონ მარცინიაკი (პოლონეთი)

გერმანიის ნაკრებმა ძალიან ცუდად დაიწყო ტიტულის დაცვა, როცა მოულოდნელად დამარცხდა მექსიკასთან. ამასთან, იოახიმ ლიოვის გუნდის წაგება სრულიად კანონზომიერი აღმოჩნდა, რადგან გუნდი ტაქტიკურად ძალიან უმწეოდ გამოიყურებოდა.

შვედებმა სასტარტო შეხვედრაში კიდევ უფრო უმწეო კორეელები დაამარცხეს და ფსიქოლოგიურად უკეთ ხვდებიან უმნიშვნელოვანეს მატჩს, ვიდრე გერმანელები. მოგებით შვედეთს შეუძლია, ჯგუფში ჩატოვოს მოქმედი ჩემპიონი.

გერმანიას მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებს. პლეი ოფში გასვლის შანსი ფრეს შემთხვევაშიც დარჩება, მაგრამ გერმანელებს ვერავინ მისცემს იმის გარანტიას, რომ მექსიკა, რომელსაც ორი ტურის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს განაღდებული მერვედფინალში თამაში, ფრეს არ ითამაშებს შვედეთთან. ამ შემთხვევაში, გერმანიისა და კორეის მატჩის შედეგს მნიშვნელობა აღარ ექნება.

პირველი ტურის მატჩები
შვედეთი-ს. კორეა 1:0
გოლი: 1:0 გრანკვისტი (65-პენ)

მექსიკა-გერმანია 1:0
გოლი: 1:0 ლოსანო (35)

ახალი ამბები
შვედეთის ნაკრებს ძირითადში ეყოლება ცენტრალური მცველი ვიქტორ ლინდელოფი, რომელსაც კორეასთან ტრავმის გამო არ უთამაშია.
გერმანიას, ტრავმის გამო, მატს ჰუმელსი დააკლდება.
იოახიმ ლიოვი ძირითადისთვის ამზადებს როისს, ბრანდტსა და გომესს.

ურთიერთშეხვედრები
გერმანია 11 მატჩია წაუგებელია შვედეთის წინააღმდეგ (+6=5). ბოლო წაგება 1978 წლის აპრილით თარიღდება.
ამ გუნდების ბოლო ორ მატჩში 16 გოლი გავიდა – მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევში მატჩები 4:4 და 5:3 დასრულდა.
გერმანიას ოთხჯერ უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე შვედეთთან და სამი მატჩი მოიგო.

საინტერესო ფაქტები
– გერმანიამ მხოლოდ მეორედ წააგო მსოფლიოს ჩემპიონატებზე სასტარტო მატჩი. პირველი მარცხი 1982 წელს იყო ალჟირთან. იმ ჩემპიონატზე გერმანია ფინალამდე მივიდა.
– გერმანიას მხოლოდ ერთხელ აქვს წაგებული მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ ორი მატჩი – 1958 წელს.
– თომას მიულერს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 10 გოლი აქვს გატანილი და ამისთვის 14 ზუსტი დარტყმა დასჭირდა.
– მაგრამ მიულერს პირველ ტურში მექსიკასთან დარტყმა არ ჰქონია და მისი დარტყმების გარეშე სერია მსოფლიოს ჩემპიონატებზე 239 წუთს გრძელდება.
– შვედეთს აქამდე ორჯერ უთამაშია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან და ორივეჯერ მოიგო – 1950 წელს იტალიასთან და 1958 წელს – გერმანიასთან.
– შვედეთმა პირველად მოიგო სასტარტო მატჩი 1958 წლის შემდეგ.
– კორეასთან გატანილ პენალტამდე, შვედეთი მარტიდან მოყოლებული, 402 წუთი უგოლოდ იყო.

რა თქვეს მწვრთნელებმა
იანე ანდერსონი (შვედეთი):
“წილისყრის მომენტიდან, მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას. ჩვენი მეორე და მესამე მატჩი უფრო რთული იქნება, ვიდრე შეხვედრა კორეასთან, მაგრამ ერთი მოგება გვაქვს და ეს დამაჯერებლობას გვმატებს. თუ გერმანიასთან მატჩს შიშით არ დავიწყებთ, შეიძლება შევაწუხოთ მსოფლიოს ჩემპიონები”.

იოახიმ ლიოვი (გერმანია):
“მექსიკის წინააღმდეგ არ ვყოფილვართ თავდაჯერებულები. მსოფლიოს ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ყველა გუნდის დონე იმატებს და გამოჩნდა, რომ მნიშვნელოვანია გამარჯვებისკენ სწრაფვა და თამაშისადმი განწყობა. ეს ორი მთავარი იარაღია. ჩემი გუნდი ფორმაშია. ჩვენ გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც თავით კარგად თამაშობენ. მაქვს გეგმა, რომელსაც ვარჯიშებზე ვამუშავებთ. უნდა ვიმუშაოთ შეცდომებზე და მოვერგოთ მეტოქის თამაშის სტილს”.

სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია (4-2-3-1): ნოიერიკიმიხი, ბოატენგი, რიუდიგერი, ჰექტორიგიუნდოგანი, კროოსი – მიულერი, როისი, დრაქსლერი – ვერნერი.
შვედეთი (4-2-2-2): ოლსენი – ლუშტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონილარსონი, ეკდალიკლაესონი, ფორსბერგი – ბერგი, ტოივონენი.