გერმანია საპენსიო ასაკის 70 წლამდე გაზრდას განიხილავს

13:06, 02.07.2026
ხანდაზმული მოქალაქეები სოფელ ბრილონ-რადლინგჰაუზენში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარე). გერმანია, 2023 წლის სექტემბერი

ხანდაზმული მოქალაქეები სოფელ ბრილონ-რადლინგჰაუზენში (ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარე). გერმანია, 2023 წლის სექტემბერი

გერმანიის მთავრობა, კანცლერ ფრიდრიხ მერცის პოპულარობის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირებისა და პენსიონერთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდის ფონზე, კანონით დადგენილი საპენსიო ასაკის ყოველ ათწლეულში ექვსი თვით გაზრდის საკითხს იხილავს.

 

საპენსიო ასაკის საკითხი აზრთა სხვადასხვაობას საფრანგეთშიც იწვევს, თუმცა მან განსაკუთრებული მასშტაბები რაინის მეორე მხარეს შეიძინა. კონსერვატორებისა და სოციალ-დემოკრატებისგან შემდგარმა გერმანიის მთავრობამ 1 ივლისს საპენსიო საკითხზე დახურული შეხვედრა გამართა. კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომლის პოპულარობაც თანამდებობის დაკავების დღიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ფართომასშტაბიან რეფორმებს იწყებს, რომელიც მოიცავს თითქმის ყველაფერს – ჯანდაცვითა და პენსიებით დაწყებული და საგადასახადო სისტემითა და დასაქმებით დამთავრებული. ამით მერცს სურს ყველას აჩვენოს, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია.

მისმა სამთავრობო კოალიციამ 13 ექსპერტისგან შემდგარ კომისიას საპენსიო სისტემის რეფორმაზე მუშაობა დაავალა, რადგან ამ სისტემის შენახვა სახელმწიფოს ყოველწლიურად სულ უფრო ძვირი უჯდება. გერმანია, ძირითადად, დაბერებული მოსახლეობით დასახლებული ქვეყანაა, სადაც პენსიონერთა რაოდენობა იზრდება, ხოლო შენატანების გადამხდელ დასაქმებულთა რიცხვი მცირდება. 2026 წელს სახელმწიფოს, სისტემის დასაბალანსებლად, 128 მილიარდი ევროს გაღება მოუწევს, რაც მისი ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. 13 ექსპერტი, თავის ანგარიშში, საპენსიო ასაკის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასთან მიბმის რეკომენდაციას იძლევა.

წლის ბოლომდე დაახლოებით 30 რეკომენდაცია უნდა შესრულდეს

„თუ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დღევანდელი ტემპით გააგრძელებს ზრდას, კანონით დადგენილი საპენსიო ასაკი ყოველ ათ წელიწადში დაახლოებით ექვსი თვით უნდა გადაიწიოს. რეფორმა გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიღებს შედეგს. მისი წყალობით, ახალგაზრდებიც და უფროსი თაობაც ღირსეული და სამართლიანი პენსიით ისარგებლებენ“, – ამბობს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანცე იანდა. ამ ახალი სისტემის დანერგვამ საპენსიო ასაკი, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, 70 წლამდე გაზარდოს.

თუმცა, ყველაზე რადიკალურ ზომას მაინც სავალდებულო დაგროვებითი სისტემის შემოღება წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მთლიანი ხელფასიდან 2 პროცენტი ჩამოიჭრება და ფინანსურ ბაზრებში ჩაიდება. „ამის დრო დიდი ხანია დადგა. ეს გაზრდის პენსიებს და დააბალანსებს სისტემას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენატანები გაიზრდებ, პენსიები კი შემცირდება. ახლა ჩვენ ამ ტენდენციას ვცვლით. მომავალში აღარ მოგვიწევს ყოველწლიურად დავა შენატანების მოცულობაზე“, – განმარტავს ფრიდრიხ მერცი.

გერმანიის კანცლერი და მისი მთავრობა პირობას დებენ, რომ საპენსიო კომისიის 33-ვე რეკომენდაციას დაუყოვნებლივ შეასრულებენ; მერცი იმედოვნებს, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება.

 

სტატიის ავტორი: ფრანგული საინფორმაციო სააგენტო „ფრანსინფო“ (franceinfo) 

ფოტოს ავტორი: ჟერემი ლემპენი, ფრანგული ფოტოსააგენტო MAXPPP-ი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 ივლისი 2026, 10:35 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი