გერმანია: სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა (მარცხნივ) ლიეტუვაში ნატო-ს პროგრამის ფარგლებში განთავსებული გერმანული სამხედრო კონტინგენტი მოინახულა და გერმანელ ჯარისკაცებს ესაუბრა. 2023 წლის 6 მარტი
გერმანიაში საგრძნობლად გაიზარდა იმ ახალგაზრდა მამაკაცების რიცხვი, რომლებიც იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმის უფლების აღიარებას რელიგიურ ან მორალურ მოტივებზე დაყრდნობით ითხოვენ. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში შესაბამის უწყებაში უფრო მეტი ასეთი განაცხადი შევიდა, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში. ეს იმ ახალი „რბილი გაწვევის“ პოლიტიკის ფონზე ხდება, რომელიც ბერლინმა, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის პირობებში, არმიის გასაძლიერებლად შემოიღო.
ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ გერმანიის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
ოჯახისა და სამოქალაქო საზოგადოების საკითხთა ფედერალურ სააგენტოს, რომელიც მსგავსი შინაარსის განცხადებებს განიხილავს, მიმდინარე წლის 30 ივნისისთვის 5 862 განაცხადი ჰქონდა მიღებული. შედარებისთვის: 2025 წლის განმავლობაში 3 879 განაცხადი შევიდა, ხოლო 2024 წელს – 2 249. მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დაკმაყოფილდა 2 667 განაცხადი, გასულ წელს კი – 2 830 განაცხადი. 2011 წელს, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეჩერდა, შესაბამისი სტატუსის მისაღებად განაცხადი 4 348-მა პირმა წარადგინა.
იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლება გერმანიის კონსტიტუციით არის გარანტირებული. მასში ნათქვამია, რომ არავინ შეიძლება აიძულონ, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ გაიაროს სამხედრო სამსახური, რომელიც იარაღის გამოყენებას მოითხოვს. მათ, ვისაც სამხედრო სამსახურზე შეგნებული უარის მთქმელის სტატუსის მიღება სურს, ბუნდესვერს უნდა წარუდგინონ მოკლე, პირადად ხელმოწერილი განაცხადი, ავტობიოგრაფია (CV) და უარის თქმის მიზეზების წერილობითი დასაბუთება.
სამხედრო სამსახურზე შეგნებული უარის თქმის განაცხადები მხოლოდ პრევენციული ხასიათისაა, რადგან გერმანიაში სავალდებულო გაწვევა არ არსებობს. ამის ნაცვლად, მიმდინარე წელს მთავრობამ 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა გერმანელს სამსახურისადმი მზაობის შესახებ კითხვარის შევსება და სამედიცინო შემოწმების გავლა მოსთხოვა. ბუნდესარმიაში ნებაყოფლობით გაწევრიანებისკენ ქალებსაც მოუწოდებენ, თუმცა ისინი შერჩევის სავალდებულო პროცესისგან თავისუფლდებიან. ეს სქემა პოპულარულმა თავდაცვის მინისტრმა, „სოციალ-დემოკრატმა“ ბორის პისტორიუსმა შემოიღო.
მმართველ კოალიციაში შემავალმა კონსერვატიულმა პარტიებმა განაცხადეს, რომ თუ პისტორიუსი მიზანს ვერ მიაღწევს, რაც 2035 წლისთვის 260 000 მოხალისის მობილიზებაში მდგომარეობს, შესაძლოა, სავალდებულო გაწვევა აღდგეს. ამისთვის კი ახალი კანონის მიღება გახდება საჭირო.
უარის თქმის შემთხვევების ზრდა ე.წ. „რბილი გაწვევის“ ახალ პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც 1 იანვარს შევიდა ძალაში. ამას ემატება შეშფოთება, რომელიც არასტაბილურ რეგიონებში გერმანიის ჯარების შესაძლო განლაგებით არის გამოწვეული. ასეთ საფრთხეებად მოაზრება ჰორმუზის სრუტე და სამშვიდობო ოპერაცია ომის შემდგომ უკრაინაში.
გერმანიას, რომელმაც „ცივი ომის“ შემდეგ მკვეთრად შეამცირა შეიარაღებული ძალების რაოდენობა, ამჟამად დაახლოებით 186 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში სერიოზული ხარვეზებია, რომელთა გამოსწორებასაც ბერლინი გულმოდგინედ ცდილობს. ქვეყანას გადაიარაღებისკენ უბიძგა მზარდმა გეოპოლიტიკურმა არასტაბილურობამ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთისგან მომდინარე საფრთხემ და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ზეწოლამ. კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელმაც თანამდებობა 2025 წელს დაიკავა, პირობა დადო, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად გარდაქმნის.
ასევე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სამხედრო სამსახურზე შეგნებულად უარის მთქმელის ადრე მიღებული სტატუსის გაუქმება სურთ. გაზეთმა Neue Osnabrücker-მა აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში სამხედრო სამსახურზე შეგნებულად უარის მთქმელის უკვე აღიარებულ უფლებაზე 233-მა ადამიანმა თქვა უარი, მაშინ როდესაც 2025 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 781-ს შეადგენდა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ გადაიარაღებას და არმიის რიცხოვნების გაზრდას გერმანიას, მთლიანობაში, მხარს უჭერენ. თუმცა, ამავე დროს, მიმდინარე წელს ათასობით ახალგაზრდამ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები და სასკოლო გაფიცვები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა.