გერმანია: რეგიონულ არჩევნებში AfD-ის შთამბეჭდავი გამარჯვება, შესაძლოა, ისტორიული გარდატეხის წერტილად იქცეს

13:10, 09.09.2026
საქსონია-ანჰალტში გამართული რეგიონული არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ, გერმანიის კანცლერი და „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ბერლინში პარტიის სხვა ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციას ესწრება. 2026 წლის 7 სექტემბერი

საქსონია-ანჰალტში გამართული რეგიონული არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ, გერმანიის კანცლერი და „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ბერლინში პარტიის სხვა ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციას ესწრება. 2026 წლის 7 სექტემბერი

კვირას, 6 სექტემბერს, ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მხარეში გამართულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან ხმათა 43.8% მიიღო, რის შემდეგაც ამ რეგიონში „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მის პარტიას საქსონია-ანჰალტის მხარის მმართველობის მანდატი აღარ აქვს.

 

საქსონია-ანჰალტის პრემიერ-მინისტრმა, სვენ შულცემ („ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“) ორშაბათს განაცხადა, რომ მისი პარტია ოპოზიციაში გადავა. „ჩვენ, CDU-ს, მმართველობის მანდატი აღარ გვაქვს. ჩვენ ოპოზიციაში ვართ. მართვის მანდატი ამიერიდან AfD-ის ხელშია“, – აღნიშნა მან კანცლერ ფრიდრიხ მერცთან (რომელიც CDU-ს ლიდერიც არის) ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მერცმა ეს შედეგი მისი პარტიისთვის და პირადად მისთვის „შოკის მომგვრელ მოვლენად“ შეაფასა და მას „ბოლო ათწლეულების მანძილზე ქდკ-ს ყველაზე მძიმე მარცხი“ უწოდა. მან რეფორმების გატარების პირობა დადო და ხაზგასმით თქვა, რომ არჩევნების შედეგებს შესაბამისი ცვლილებები მოჰყვება. ამასთან, დაადასტურა, რომ გერმანიის სახელმწიფო ინსტიტუტები სტაბილურად მუშაობენ და დანებებას არც თავად აპირებს.

კანცლერმა ისიც დასძინა, რომ ფედერალური მთავრობა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. „მინდა, ეს მკაფიოდ ვთქვა: აქედან 2 500 კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით, არიან ადამიანები, რომლებიც ამ არჩევნების შედეგით განსაკუთრებულად კმაყოფილები არიან“, – განაცხადა მერცმა, რომელმაც „კმაყოფილებში“ რუსეთის ხელმძღვანელობა იგულისხმა.

საქსონია-ანჰალტის ფედერალური მხარის საკანონმდებლო ორგანოს AfD-ელი დეპუტატები წარსულში არაერთხელ ყოფილან რუსეთში, მათ შორის – უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც, ხოლო ამ პარტიის საარჩევნო პლაკატები აფეთქების შედეგად განადგურებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აღდგენის მოწოდებებით არის გადაჭრელებული. გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ამ პარტიის საქსონია-ანჰალტის ფილიალი 2023 წლიდან ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად აქვს კლასიფიცირებული.

აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად AfD-ს ცოტა დააკლდა, ამიტომ მთავრობის ჩამოსაყალიბებას, სავარაუდოდ, სხვა პარტიების წარმომადგენელი ცალკეული დეპუტატების გადაბირების გზით შეეცდება. წარმატების შემთხვევაში, ეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ისტორიაში ამ პარტიის მეთაურობით შექმნილი პირველი სამხარეო მთავრობა იქნება.

ექსპერტები 6 სექტემბრის არჩევნებში გერმანული დემოკრატიისთვის „გარდატეხის წერტილს“ ხედავენ.

გერმანულმა გამოცემებმა არჩევნების შედეგი „ისტორიულ მოვლენად“ მონათლეს, ხოლო რამდენიმე მედიასაშუალებამ მას მერცისა და ქვეყნის დემოკრატიული ძალებისთვის „საბოლოო გაფრთხილება“ უწოდა.

ბერლინურმა „ტაგესშპიგელმა“ აღნიშნა, რომ AfD-ის კანდიდატების ექსტრემისტულ კავშირებს, წარსულში არსებულ სამართლებრივ პრობლემებსა თუ ნეონაცისტურ წრეებთან ურთიერთობას ამომრჩევლები არ დაუფრთხია. გამოცემის თანახმად, კენჭისყრამ ასახა არა პოლიტიკური შინაარსი, არამედ შეუნიღბავი ემოცია და სტატუს-კვოს დამსხვრევის სურვილი. გაზეთმა დასძინა, რომ ცენტრისტულმა პარტიებმა, განსაკუთრებით კი CDU-მ და SPD-მ, ნოსტალგიის ნაცვლად, ნდობა კონკრეტული ქმედებებით უნდა დაიბრუნონ და დასძინა, რომ ცენტრისტული ძალები გერმანიაში უმრავლესობას კვლავ ინარჩუნებენ.

უფრო კატეგორიული აღმოჩნდა „შპიგელი“, რომელმაც ხმამაღლა გამოთქვა ეჭვი, შექმნილ ვითარებაში, არის თუ არა მერცი შესაფერისი ლიდერი. გამოცემამ აღნიშნა, რომ AfD-ის კანდიდატმა ხმათა 44%-ზე მეტი იმის მიუხედავად მოიპოვა, რომ თავის გარშემო მემარჯვენე რადიკალები ჰყავდა შემოკრებილი და არ გაემიჯნა იმ მხარდამჭერებს, რომლებიც ჰიტლერისეულ მისალმებას იყენებდნენ ან ჟურნალისტებს ესხმოდნენ თავს. ჟურნალი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მმართველ კოალიციას გადატვირთვა ესაჭიროება, რაც მერცით უნდა დაიწყოს, ხოლო CDU-მ და მისმა ბავარიულმა მოკავშირე „ქრისტიანულ-სოციალური კავშირმა“ (CSU) მომავალ საარჩევნო კამპანიებში მისი (მერცის) როლი ხელახლა უნდა შეაფასონ.

თავის მხრივ, „ველტი“ ირწმუნება, რომ „მემარცხენეების ეპოქა დასრულდა“ და ამის საილუსტრაციოდ შემდეგ ფაქტს ასახელებს: მემარცხენე იდეოლოგიის პარტიებმა – SPD-მ, „მწვანეებმა“ და „მემარცხენეებმა“ – ჯამში ხმათა 30% მიიღეს, მაშინ როდესაც 1998 წელს ეს მაჩვენებელი 60% იყო. გაზეთმა მოუწოდა მერცს, მემარცხენეებისგან განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკა გაატაროს, CDU-მ კი მომავალში აღარ გამორიცხოს პოლიტიკურ საკითხებზე AfD-სთან თანამშრომლობას, თუმცა, რუსეთის მიმართ ამ პარტიის პოზიციის გამო, მასთან კოალიციის შექმნაზე მაინც თავი შეიკავოს.

„ცაიტი“ კი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ გერმანული დემოკრატია გარდატეხის წერტილს მიუახლოვდა. გამოცემამ აღნიშნა, რომ ეროვნულ გამოკითხვებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს და საქსონია-ანჰალტის მცხოვრებთა დაახლოებით მესამედს მიაჩნია, რომ რეფორმებს აზრი არ აქვს და „სისტემის გადატვირთვას“ საჭირო. მიუხედავად ამისა, გაზეთმა ხაზი გაუსვა, რომ ყოველი ათი ამომრჩევლიდან ექვსმა AfD-ს მხარი არ დაუჭირა. „ცაიტის“ აზრით, ლიბერალური დემოკრატია მხოლოდ მაშინ მოკვდება, „თუ უმრავლესობა პასიური დარჩება“.

რას წარმოადგენს „ალტერნატივა გერმანიისთვის“?

ნაციონალისტურ-პოპულისტური AfD-ი იმიგრაციის მკვეთრ შეზღუდვას, ევროკავშირის ინსტიტუტების უფლებამოსილებების შემცირებასა და რუსეთთან ურთიერთობების „ნორმალიზებას“, ასევე მისთვის სანქციების მოხსნასა და „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აღდგენას ითხოვს. გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს პარტიის საქსონია-ანჰალტის ფილიალი 2023 წლიდან ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად აქვს კლასიფიცირებული. კვირას გამართული კენჭისყრა ე.წ. „სანიტარიული კორდონის“ სერიოზულ გამოცდად მიიჩნეოდა. ეს არის პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც გერმანიის წამყვანი პარტიები AfD-სთან ერთად მმართველი კოალიციის შექმნაზე უარს ამბობენ.

 სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio) 

 ფოტოს ავტორი: რალფ ჰირშბერგერი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

წყარო: პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ და პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი (Polska Agencja Prasowa) 

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი, 2026 წელი, 18:30 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი