გერმანია ფრენების უმეტესი ნაწილის შეჩერების საკითხს განიხილავს
გერმანია ფრენების უმეტესი ნაწილის შეჩერების საკითხს განიხილავს

გერმანია ქვეყნის მიმართულებით ფრენების უმეტესი ნაწილის შეჩერების საკითხს განიხილავს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გერმანიის მთავრობა ქვეყნის მიმართულებით ფრენების თითქმის ნულამდე შემცირების საკითხს განიხილავს. დამატებითი შეზღუდვის მიზანი კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების შეჩერებაა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზიჰოფერმა გააკეთა.

გერმანიაში იმ რეგიონებთან საზღვრების ჩაკეტვის საკითხსაც განიხილავენ, სადაც ვირუსის ახალი შტამები მეტად გავრცელებულია

„ვირუსის მუტაციით გამოწვეული რისკი ჩვენგან კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების განხილვას მოითხოვს. მათ შორის არის გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლი, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე რეგიონებთან. ასევე გერმანიის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის თითქმის ნულამდე შემცირებას, როგორც ამას ახლა ისრაელი აკეთებს“, – განაცხადა ჰორსტ ზიჰოფერმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ორ მილიონს აჭარბებს. მათ შორის პანდემიამ 53 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსის გავრცელების კუთხით გერმანია მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.